"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა კონსულტაციები დასრულდა.
ირაკლი ალასანიას პარტიის წევრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, კონსულტაციები ნაყოფიერად წარიმართა.
მისი თქმით, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში საზოგადოებაც მიიღებს მონაწილეობას. აგრეთვე, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" ჭადრაკის სასახლეში ხვალ, 24 თებერვალს, გასამართ შეხვედრასაც დაესწრებიან.
"ირაკლი ალასანიას ინიციატივას ერთიანი კანდიდატის გამოკვეთასთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა და გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური მოღვაწეების მხრიდან. დავით მაღრაძის "საზოგადოებრივმა დარბაზმა" მნიშვნელოვანი წინადადება წამოაყენა. დარბაზი მოუწოდებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებსა თუ ლიდერებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ერთიანი ლიდერის გამოვლენის საქმეში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
ხვალიდან კონსულტაციები კვლავ განახლდება.