სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პარკ ჟინ ჰემის განცხადებით, სეულის მომავალი სამშვიდობო პროცესი ამერიკის მონაწილეობაზეა დამოკიდებული. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლისას გააკეთა. მანამდე კი პარკ ჟინ ჰე თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.
„ოფიციალური სეული ბირთვულ ჩრდილოეთ კორეას არასოდეს მიიღებს. ის მუქარასა და პროვოკაციებს განაგრძობს. ახორციელებს ბირთვულ ცდებს და ამით ნახევარკუნძულზე მშვიდობას ძირს უთხრის" განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პარკ ჟინ ჰემმა.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებმა აშშ და სამხრეთ კორეა ერთმანეთს უფრო დაახლოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ფხენიანმა რამდენიმე უკიდურეს ქმედებას მიმართა და ამავდროულად, მეოთხე ბირთვული ცდის ჩატარებას გეგმავს.