ამერიკის შეერთებული შტატების სენატის იურიდიულმა კომიტეტმა იმიგრაციული რეფორმის შესახებ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდაჭერილი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს.
იმიგრაციული რეფორმა შესაძლოა გახდეს ობამას მეორე ვადის ყველაზე მასშტაბური ინიციატივა. კანონპროექტი შანსს აძლევს ამერიკაში არალეგალურად მცხოვრებ დაახლოებით 11 მილიონ მიგრანტს, მიიღონ შეერთებული შტატების მოქალაქეობა. ამისათვის მიგრანტებს რიგი მოთხოვნების შესრულება დასჭირდებათ, მათ შორის, 13-წლიანი მოლოდინი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის დაწყებამდე. გარდა ამისა, თუ კანონი მიღებული იქნება, გამარტივდება ამერიკაში კვალიფიცირებული მიგრანტების ჩასვლა, უპირველესად, პროცედურები გამარტივდება მეცნიერებისთვის.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტებისადმი შერბილებული მიდგომის საკომპენსაციოდ კონტროლი გამკაცრდება მექსიკის საზღვარზე, საიდანაც ხდება ამერიკაში უკანონო მიგრანტების ძირითადი ნაკადის შედინება.
მასალის გამოყენების პირობები