ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შიდა ტურნე დაიწყო და მთავარ საკითხად უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა. პრეზიდენტის პირველი გაჩერება ტეხასის შტატი აღმოჩნდა, სადაც იგი მეინორის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ბარაკ ობამას ტურნეს შესახებ ინფორმაციას სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, იგი უახლოეს დღეებში გასცემს რიგ განკარგულებებს, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. „დღესდღეობით ჩვენი მთავარი გამოწვევა ეკონომიკური განვითარების ძრავის დაქოქვაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში შტატებში 6,5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, თუმცა ამერიკელმა ხალხმა შემოსავლის რეალური ზრდა ვერ იგრძნო", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
უკანასკნელი კვლევების თანახმად, შეერთებული შტატების მოსახლეობის 86% სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს. უმუშევრობის დონე აპრილის მონაცემებით 7,5 პროცენტამდეა შემცირებული, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ მაინც აღემატება ამერიკისთვის დადგენილ ნიშნულს.