ოფიციალურმა თეირანმა მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით კვიპროსიდან ელჩი გაიწვია, მას შემდეგ რაც კუნძულის ხელისუფლებამ გაეროს მიერ ირანთან იარაღით ვაჭრობის შესახებ დაწესებული ემბარგოს დარღვევისთვის დაკავებული ირანის მოქალაქის შტატებში ექსტრადირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო როიტერი შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის იონას კასულიდესის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იონას კასულიდესის განცხადებით, ირანელი დაკავებული იქნა კვიპროსის ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც იგი გაეროს სანქციის გვერდის ავლით ცდილობდა იარაღის შეძენას. დაკავებული ვინაობა და ოპერაციის დეტალები საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გაახმაურა.
ირანის წინააღმდეგ გაფართოებული სანქციები, რომელიც ასევე მოიცავს იარაღით ვაჭრობის აკრძალვას, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2010 წელს თეირანის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ იქნა მიღებული. ირანული მხარე ამტკიცებს, რომ პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა, თუმცა დასავლეთში ვარაუდობენ, რომ თეირანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები