დღეს, 10 მაისს, ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სირიაში შექმნილ სიტუაციას განიხილავს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
დევიდ კამერონმა რუსეთში ვიზიტის აუცილებლობაზე ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცელებელია სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა მოხდეს ძალაუფლების პოლიტიკური გზებით გადაცემა და სირიაში კონფლიქტი დასრულდეს. აღნიშნული საკითხის განსახილველად მე გავემგზავრებში სოჭში და შევხვდები რუსეთის პრეზიდენტს", - განაცხადა პრემიერმა.
სირიის კონფლიქტის შესახებ სასაუბროდ, ორდღიანი ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც სტუმრობს. მოლაპარაკებებისას მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ აქტიურად მოუწოდებენ სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ და ამ მიზნით მაისის ბოლოს საერთაშორისო კონფერენციას მოიწვევენ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2011 წლის მარტის შემდეგ გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემით, 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები