"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას დიზელის საწვავთან დაკავშირებით ხელოვნური მონოპოლიების შექმნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს სესიაზე გააკეთა და როგოც მან აღნიშნა, ლაგოდეხელ გლეხებს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ დიზელის საწვავი აზერბაიჯანიდან შემოიტანონ იმ დასაშვებ ფარგლებშიც კი რა რაოდენობის შემოტანის უფლებაც კანონით გააჩნიათ.
მისი თქმით, ლაგოდეხში საწვავი ღირს 1 ლარი და 80 თეთრი, მაშინ როდესაც აზერბაიჯანში იგივე საწვავი ამ საფასურის ნახევარიც კი არ ჯდება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა სწორედ იმ მიზნით ხორციელდება, რათა გლეხებმა საწვავი აზერბაიჯანში არ იყიდონ და ამით პრობლემა არ შექმნას ადგილზე იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დიზელით ვაჭრობენ.
გარდა ამისა, ლალიაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზეც რომ ენერგეტიკის სამინისტრო ლაგოდეხელ მოსახლეობას არ აძლევს დიზელის წარმოების ლიცენზიას და ეს ფაქტორები მისი თქმით, იძლევა იმ ეჭვის საბაბს რომ "ხელისუფლების პოლიტ ელიტა ქმნის მონოპოლიებს და ზეწოლას ახორციელებს მოსახლეობაზე".