კლივლენდის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი არიელ კასტროს, მესაკუთრეს სახლისა, სადაც დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა სამი გატაცებული გოგონა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.
ამანდა ბერი, ჯინა დექსესუსი და ნაიტ ბილი 6 მაისს გაათავისუფლეს ტყვეობიდან. გოგონები კასტროს სახლში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გამვლელს ხმა მიაწვდინა და დახმარება სთხოვა. არიელ კასტრომ მიმალვა სცადა, თუმცა ის მალევე დააკავეს. დაკავებული არიან, ასევე, მისი ძმები ონილი და პედრო. ამ დრომდე პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად მხოლოდ არიელ კასტროს წაუყენა. მას ბრალად ედება გოგონების გატაცება და გაუპატიურება.
გავრცელებული ინფორმაციით, კასტროს ტყვეობაში მყოფ გოგონებს მუდმივად აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ. სახლში აღმოჩენილია თოკები და ჯაჭვები. ძიების განცხადებით, გოგონებმა გაქცევის პირველივე შესაძლებლობით ისარგებლეს.
ამანდა ბერი 2003 წლის 21 აპრილს გაუჩინარდა, მაშინ გოგონა 16 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ უკვალოდ გაქრა სკოლიდან სახლში მიმავალი 24 წლის ჯინა დექსესუსი. ნაიტ ბილი, რომელიც ახლა 32 წლისაა, თორმეტი წლის წინ დაიკარგა. სამივე მათგანი გაიტაცეს და ტყვეობაში ჰყავდათ არიელ კასტროს კუთვნილ სახლში. ტყვეობისას ბერის შეეძინა გოგონა, რომელიც ახლა ექვსი წლისაა.
მასალის გამოყენების პირობები