გავლენიანი ისლამური დაჯგუფების „ალი ნუსრას ფრონტის" ლიდერი აბუ მუჰამედ გოლანი, რომელიც სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონფლიქტში ამბოხებულების მხარეს იბრძვის, დამასკოს ახლოს დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ბრიტანეთში მდებარე მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სირიული ცენტრის ინფორმაციით, სახელისუფლებო ჯარების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად გოლანმა ჭრილობა ფეხის არეში მიიღო.
„ალი ნუსრას ფრონტმა" არა ერთხელ განაცხადა „ალ ქაიდასთან" კავშირის შესახებ და ამის გამო დაჯგუფება ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2011 წლის მარტის შემდეგ გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემით, 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები