მილანის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სილვიო ბერლუსკონისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იტალიის ყოფილი პრემიერის ბრალეულობას გადასახადების გადახდისგან თავის არიდების საქმეში. სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
სასამართლომ დაადასტურა, რომ ბერლუსკონი 4 წლით თავისუფლების აღკვეთას იმსახურებს, თუმცა მისი ასაკის გამო, ციხეში გასატარებელ ვადად 1 წელი დაასახელა. გარდა ამისა, მას 5 წლის განმავლობაში ეკრძალება სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. იტალიის ყოფილი პრემიერი დამნაშავედ ცნეს ამერიკული ფილმების ჩვენების უფლების ფასის ხელოვნურ დაწევაში. აღნიშნული უფლება იტალიაში ნაყიდი ჰქონდა კომპანია „მედიასეტს", რომელიც ბერლუსკონის კუთვნილებაა. ფასის ხელოვნური დაწევის მიზეზს გადასადების გადახდისგან თავის არიდება წარმოადგენდა.
76 წლის პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკური მოტივებითაა გაჯერებული. ბერლუსკონის ადვოკატის თქმით, პრემიერის ინტერესების დამცველები განაჩენს კვლავ გაასაჩივრებენ, ამჯერად უკვე უმაღლეს საკასაციო სასამართლოში.
იტალიის ყოფილ პრემიერს ამჟამად სხვა ბრალდებებითაც ასამართლებენ. ძიება ამტკიცებს, რომ ბერლუსკონის სექსუალური კავშირი ჰქონდა არასრულწლოვანთან და ასევე, ბოროტად იყენებდა თანამდებობრივ უფლებამოსილებებს. სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ ადრეც არა ერთხელ აღძრულა საქმე სასამართლოში, თუმცა მისთვის ან გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდათ ანაც საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო იხურებოდა.
მასალის გამოყენების პირობები