პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველოს~ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე არჩევნების მონიტორინგისთვის შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის 2 წევრით გაზრდას ითხოვს. ეს მოთხოვნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს პარლამენტის სესიაზე დააყენა.
პარლამენტმა ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობას კენჭი დღეს უნდა უყაროს. 9- წევრიან ჯგუფში ოპოზიცია 5 წევრით იქნება წარმოდგენილი, უმრავლესრბა კი 4 წევრით.
ლორთქიფანიძე კი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში უპარტიო და უფრაქციო დეპუტატებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. ამისთვის კი 9 წევრიანი ჯგუფის 11 წევრამდე გაზრდას ითხოვს.
`საერთო გამჭვირვალობისთვის არ იქნება შეუძლებელი, რომ ეს ჯგუფი დაკომპლექტდეს 11 კაცით და აქ მონაწილეობა მივიღოთ.როგორც უპარტიო დეპუტატებმა, ასეევ ფრაქციის გარეთ მყოფმა დეპუტატებმა,~ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
თუმცა. მისი მოთხოვნა ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ უარის არგუმენტად ის ფაქტორი დაასახელა, რომ ჯგუფში პარტიული ძალები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.
"ამ ჯგუფის მთელი იდეა არის ის, რომ აქ ერთიანდებიან ფრაქციის წარმომადგენლები. გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრაქციო დეპუტატი, მაგრამ პოლიტიკური პარტიის წევრი და ამის გარეშე ამ ჯგუფში მოხვედრა საკმაოდ გამონაკლისი რეჟიმი იქნება. თუმცა, აქ მთავარი არის ის, რომ წევრებს ფრაქციები ასახელებენ. თქვენს შემთხვევაში კი, ფრაქციიდან თქვენი კანდიდატის ნომინირება არ ყოფილა,~ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ინტერფრაქცილი ჯგუფის წევრებად პარლამენტი დღეს დაამტკიცებს გურამ ჩახვაძეს, ჯონდი ბაღათურიას, პაატა დავითაიას, გია თორთლაძეს, ლევან ვეფხვაძეს, პავლე კუბლაშვილს, აკაკი მინაშვილს, გიორგი მელაძეს და ჩიორა თაქთაქიშვილს.