თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციის კანდიდატის შერჩევის პროცესში დღეიდან ლევან გაჩეჩილაძეც ერთვება.
როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერობის ერთიან კანდიდატზე შეთასათანხმებლად "ყველაფერს გააკეთებს".
"ყველასთან ვიწყებთ კონსულტაციებს და პირადად მე ძალიან შემართული ვარ. ქართული პოლიტიკა გაცოცხლდა და კიდევ უფრო გაცოცხლდება. მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შერჩევის პროცესში ერთვება ირაკლი ალასანიაც, რომელიც ამ მიზნით პრაიმერში მონაწილეობასაც არ გამორიცხავს. "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერს უკვე მომზადებული აქვს რამდენიმე შეთავაზება, რომელთა შორის ერთ-ერთი პრაიმერში შესატან ცვლილებებსაც გულისხმობს.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეთავაზება როგორ უნდა გამოვლინდეს ერთიანი კანდიდატი, მათ შორის ერთ-ერთი ითვალისწინებს ერთობლივი სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარებას. ასევე გვაქვს ჩვენი შესწორებები პრაიმერის ჩატარებასთან დაკავშირებით. საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელებთ, რომელი გზა არის ყველაზე სწორი ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად", - აცხადებს ალასანია.
კვლავ პრაიმერის წინააღმდეგ გამოდიან "რესპუბლიკელები". შექმნილ ვითარებაში ერთიანი კანდიდატის იდეას ეჭვის თვალით უყურებენ "ქრისტიან-დემოკრატებიც".