საქართველომ და მარშალის კუნძულებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და მარშალის კუნძულები ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაერო-ს გენერალურ მდივანს პან გიმუნს.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. მარშალის კუნძულების მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა გაერო-სთან მარშალის კუნძულების მუდმივმა წარმომადგენელმა ფილიპ მიულერმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - გაერო-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ.