ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, თუკი ისინი ყველა შესაბამის მოთხოვნას შეასრულებენ.
განცხადება ამის შესახებ რასმუსენმა ვაშინგტონში, ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
ქართველი სტუდენტის მიერ დასმულ შეკითხვაზე "მალე გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი" პასუხისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გეგმები არ შეუცვლია.
"ნატო უარს არ ამბობს საკუთარ გეგმებზე, თუმცა საქართველოსაც და უკრაინასაც კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად აქტიური რეფორმების გატარება დასჭირდებათ. ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი, თუ ისინი ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, რომელსაც კანდიდატ ქვეყნებს ვუყენებთ", - განაცხადა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.