მიანმარიში ჯოხებითა და აგურებით შეიარაღებული 400-მდე ბუდისტი, მუსულმანების საცხოვრებელ სოფელს თავს დაესხნენ. მათ მუსულმანების დასახლებაში არსებული ორი მეჩეთი, მაღაზიები და საცხოვრებელი სახლები გადაწვეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ათასობით მუსულმანმა საცხოვრებელი ადგილი მიატოვა და ტყეს შეეხიზნა. მდგომარეობა ადგილობრივმა სამართალდამცავებმა განმუხტეს, მათ 18 თავდამსხმელი ბუდისტი დააკავეს.
ცნობისათვის მიანმარის 60 მილიონიან მოსახლეობაში, მუსულმანები მხოლოდ 4 პროცენტს წარმოადგენენ, თუმცა მათ მოქალაქეობის უფლება არ გააჩნიათ და თავდასხმის ობიექტები ხშირად ხდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბუდისტების მიერ თავდასხმებს 200 მუსულმანი შეეწირა, ხოლო 125 000-მა საცხოვრებელი სახლი იძულებით დატოვა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი 153 გვერდიანი ანგარიში წარმოადგინეს სადაც მიანმარიში მუსულამნების ეთნიკური ნიშნით წმენდაზეა საუბარი.