საზოგადოებრივ მაუწყებელს, პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებულ მემორანდუმს ნინო ბურჯანაძის და გუგული მაღრაძის პარტიებმა ხელი არ მოაწერეს.
როგორც მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას პრაიმ-თაიმში "მცირე დრო გამოეყოფა", რაც მისთვის მიუღებელია.
"ერთი საათი ძალიან მცირე დროა ოპოზიციისათვის. მოვითხოვე ამ დროის გაზრადა, მაგრამ მათ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინეს, ამიტომ ამ სახის მემორანდუმს ხელს არ მოვაწერ", - განაცხადა მაღრაძემ.
მემორანდუმს შეუერთდნენ "ედპ", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "დემოკრატიული საქართველო", "თავისუფლება", "ტრადიციონალისტები", "ჩვენ თვითონ", "კონსერვატორები", "ქართული დასი" ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", "ხალხის პარტია'' და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის". საზოგადოებრივი მაუწყებელის მხრიდან კი დოკუმენტს ხელი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარემ ლევან გახელაძემ და მეორე არხის გენერალურმა პროდიუსერმა დოდო შონავამ მოაწერეს.
მემორანდუმზე ხელმოწერის ბოლო ვადა 1-ლი აპრილით განისაზღვრა, თუმცა მემორანდუმი ხელმოსაწერად ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე კვლავ გაიხსნება.