პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ავღანეთის წარმატებულ ოპერაციაზე საქართველოს ბევრი საკითხის გადაწყვეტაა დამოკიდებული.
ამის შესახებ სააკაშვილმა ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ რიჩარდ ჰოლბრუკთან ერთად კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის დათვალიერებისა და იმ ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიით გაემგზავრებიან.
"ეს იქნება ძალიან რთული მისია. ავღანეთში წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ავღანეთისა და კოალიციის ქვეყნების, არამედ მთლიანობაში მსოფლიოს ბედი. ჩვენ ქართველებს კარგად გვესმის, რომ ჩვენი ბევრი საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები იქნებიან ჩვენი მოკავშირეები, მეგობრები, ის ხალხი ვინც მხარს უჭერს საქართველოს მომავალს, მთლანობას", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, ქართველი ჯარისკაცები პროფესიონალები არიან, რომლებიც მზად არიან საერთო უსაფრთხოების საქმე ბოლომდე, უკანდაუხევლად მიიყვანონ.
"ისინი ქართულ პატრიოტულ საქმეს ასრულებენ. ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს. მათ კეთილდღეობასა დ უსაფრთხოებაზე ყველანი ვნერვიულობთ, მაგრამ უკანდაუხევლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე საქმე, რომელსაც მსოფლიოს უსაფრთხოება ქვია", - განმარტა საქართველოს პირველმა პირმა.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი და რიჩარდ ჰოლბრუკი ავლაბრის რეზიდენციაში იმყოფებიან, სადაც ისინი უკვე ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ.