ოფიციალური თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუს "სერგეი ლავროვისა და ჟურნალისტის ჭორაობად" აფასებს.
"ეს ინტერვიუ არა პროფესიონალი ჟურნალისტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარს, არამედ ორი სუბიექტურად განწყობილი პირის ერთმანეთში ჭორაობას ჰგავდა", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ლავროვის ინტერვიუზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
ამასთან, კალანდაძე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს "ცინიკური" და "შეურაცხმყოფელი" განცხადებების გამო აკრიტიკებს და იმის გასაგებად, თუ "ვის მხარეზეა სიმართლე" ტალიავინის კომისიის დასკვნის წაკითხვას ურჩევს.
"ლავროვს ვურჩევდი, კიდევ ერთხელ გაეცნოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროკავშირის ჯგუფის, ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას, რათა გაიგოს, სიმართლე ვის მხარეზეა", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რადიო "ეხო მოსკოვისთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და ჟურნალისტმა მიხეილ ბარშჩევსკიმ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი ცინიკური გამონათქვამებით დაიწყეს.
კითხვაზე, განზრახული ჰქონდა თუ არა რუსეთს 2008 წლის აგვიტოსში თბილისამდე ტანკებით მისვლა და სააკაშვილის გასამართლება, ლავროვმა უპასუხა, რომ ამაზე თავად საააკაშვილი ლაპარაკობს მუდმივად და "მის ავადმყოფ წარმოსახვაში კიდევ ბევრი რამ შეიძლება გაჩნდეს".
"ლაპარაკობს, როცა ჰალსტუხი არ აქვს პირში", - დასძინა ჟურნალისტმა ბარშჩევსკიმ, პასუხად კი ლავროვი აცხადებს, რომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ფიზიოლოგიური მდგომარეობის განხილვას. მანვე უარყო თბილისზე თავდასხმის განზრახვაც.