24-25 თებერვალს, თბილისში, საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ მიზნით მიმდინარე კვირას, საქართველოს აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებში ხოსე ფერნანდესი უხელმძღვანელებს.
ამასთან, კალანდაძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე "მიმდინარე ეკონომიკური საკითხების გარდა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივების განხილვაც მოხდება".
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში, სხვადასხვა მიმართულებით სულ ოთხი სამუშაო ჯგუფია შექმნილი.