ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელ რიჩარდ ჰოლბრუკთან საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის განხილვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამერიკელი დიპლომატის მხრიდან შესაბამისი სურვილი იარსებებს. ამის შესახებ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიას სთავაზობს. ქვეყნის პირველი პირი გამოვიდა ინიციატივით, აშშ-მა საქართველოს ტერიტორია და სატრანსპორტო ინფრატრუქტურა ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად სატრანზიტო პუნქტად გამოიყენოს
"თუ ქართული მხარის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით აშშ-ს წარმომადგენლის მხრიდან დაინტერესება იქნება, ეს საკითხი განიხილება. თუმცა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილისა და რიჩარდ ჰოლბრუკის შეხვედრა ძალიან მეგობრული იქნება და ის უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, ვფიქრობ, ამ ინიციატივაზეც გაიმართება საუბარი", - განაცხადა კალანდაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ჰოლბრუკის საქართველოში ვიზიტს, ნინო კალანდაძის შეფასებით, მისი ჩამოსვლა "მოწმობს რაოდენ წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა აშშ-საქართველოს შორის".
"რიჩარდ ჰოლბრუკი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. აქედან გამომდინარე, ამ რანდის დიპლომატის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია", - განმარტა კალანდაძემ.
ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.
ჰოლბრუკი, რომელიც გუშინ ბათუმში ჩაფრინდა, დღეს, დღის მეორე ნახევარში თბილისში ჩამოვა.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი დიპლომატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში მივა და იმ ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს, რომლებიც წვრთნებს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად გადიან.
მოგვიანებით კი, რიჩარდ ჰოლბრუკს საკუთარ რეზიდენციაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიიღებს. დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. მისი თვითმფრინავი თავდაპირველად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. რიჩარდ ჰოლბრუკი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ყინულის მოედანზე მიმდინარე ახალგაზრდული კონკურსის ფინალს დაესწრო.