პარლამენტში პრეზიდენტს სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება. საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის დღე და გამოსვლის ფორმატი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გაირკვევა, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნული.
რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ორსაათიანი შესვენება ცხადდება, რის შემდეგაც უკვე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ასევე ფრაქციების თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლა იწყება. რეგლამენტით, პრეზიდენტს არ აქვს ვალდებულება დეპუტატების გამოსვლებს მოუსმინოს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მზადაა მათ შეკითხვებს უპასუხოს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას "ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვდნენ. მეტიც, თარგამაძის გუნდის წევრებს სურთ, ქვეყნის პირველი პირისთვის კითხვების დასმის საშუალება არა მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეებს, არამედ რიგით დეპუტატებსაც მიეცეთ, თუმცა როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ჯერჯერობით გაუკრვეველია.
"უფრო მეტი პლურალიზმისთვის რიგ დეპუტატებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სიტყვით გამოვიდნენ. პრეზიდენტმა კარგად უნდა გაიგოს ყოველი პოლიტიკური ორგანიზაციის აზრი", - აცხადებს "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე.
მიხეილ სააკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსნებით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს მივა.