ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის რიჩარდ ჰოლბრუკის განცხადებით, თბილისში მისი ვიზიტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს არ უკავშირდება.
ამის შესახებ ჰოლბრუკმა საქართველოში ჩამოსვლამდე, ყაზახეთში ვიზიტისას განაცხადა.
"ყაზახეთში ავღანეთის საკითხის განსახილველად ჩამოვედი, აქედან კი საქართველოში მივემგზავრები, სადაც ის ქართული ბატალიონი უნდა მოვინახულო, რომელიც ავღანეთში გაემგზავრება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი ვიზიტი არ უკავშირდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, იქ ვისაუბრებთ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც ამ ქვეყანას ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციებში შეაქვს", - განაცხადა ჰოლბრუკმა.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს კანატ საუდაბაევს შეხვდა.
ყაზახეთში ვიზიტით რიჩარდ ჰოლბრუკმა ცენტრალურ აზიაში ტურნე დაასრულა.