ვიცე პრემიერ-მინისტი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. რომში ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებით ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს. მინისტრებს საშუალება ჰქონდათ, ოთხი საათის განმავლობაში ღიად და გულახდილად ესაუბრათ ამ ქვეყნებთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე. ამის სესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან ანცობეს.
გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებსა და საქართველოს დეოკუპაციის აუცილებლობაზე. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ უფრო მკაცრი პოზიციის ჩამოყალიბების აუცილებლობას, რათა რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მოახდინოს საქართველოს მთელი ტერიტორიის სრული დეოკუპაცია. აღინიშნა რუსეთის მიერ იმ ფაქტის გაცნობიერების მნიშვნელობა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპასთან დაახლოება მის წინააღმდეგ მიმართული არ არის და მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას.
რეფორმების გატარებისა და დემოკრატიზაციის კუთხით მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ევროპის სახალხო პარტია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ევროინტეგრაციის პროცესში აქტიურად დაუჭერს მხარს. ხაზი გაესვა ენერგო-პროექტების განხორციელების დაჩქარების აუცილებლობას, აგრეთვე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გავრცელების მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალში მსგავსი არაფორმალური ფორმატით შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდონიუს აზუბალისთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დამატებითი სამხედრო ძალების შემოყვანაზე, ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტებზე.
ხაზი გაესვა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის, მისი გაფართოებისა და მანდატის გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე ჟენევის მოლაპარაკებების როლის გაძლიერებას და შემუშავებული მექანიზმების რეალურად განხორციელების აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირის როლის გაძლიერებაზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე, საქართველოს მიერ 2009 წლის ეროვნული წლიური პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და 2010 წლის პროგრამის დაწყებაზე. ასევე განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური თემები. აღინიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ხელშეკრულების დროულად ხელმოწერასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებას.
გიორგი ბარამიძემ ისაუბრა მაისში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე თვით არჩევნების დღეს, რაც პოლიტიკური სუბიექტებისაგან დამოუკიდებლად, არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ობიექტური და სრული ინფორმაციის არსებობას უზრუნველყოფს.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმაKკიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ასევე შეხვდა ევროპარლამენტის წევრს, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელს ელმარ ბროკს.