დღეს, 22 თებერვალს, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს ტრადიციული შეხვედრა დაიწყება. შეხვედრაში მონაწილის სტატუსით საქართველოდან ყოფილი სახალხო დამცველი, „ალიანსი საქართველოსათვის" წარმომადგენელი სოზარ სუბარი დაესწრება.
სუბარი საქართველოდან პირველია, ვინც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ხუთ მრჩეველთ შორის გასულ წელს დასახელდა. იგი შეხვედრაზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს წარმოადგენს.
სუბარი შვეიცარიაში ყოფნისას ლტოლვილთა ბანაკში ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძესაც შეხვდება, რომელიც იქ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს და საქართველოს ხელისუფლებას პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
"მივემგზავრები ჟენევაში სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს ტრადიციული შეკრებაა დაგეგმილი. ჟენევაში ყოფნის დროს აუცილებლად ვინახულებ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესაც. დაველაპარაკები, მისთვის მიმაქვს საჭირო ნივთები, ვინაიდან ძალიან ნაჩქარევად მოუხდა ქვეყნის დატოვება და სულაც არ გეგმავდა, უცხო ქვეყნისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. გარდა ამისა, ვახტანგ კომახიძის შესახებ აუცილებლად მოვახსნებ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს", - განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარი საქართველოდან პირველია, ვინც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის 5 მრჩეველს შორის არის.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისში სოზარ სუბარი აზია-წყნარიოკეანიის რეგიონს წარმოადგენს.