. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის განცხადებით, ავტოკეფალია საქართველოს უდიდესი მონაპოვარია.
ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში,
მართლმადიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით აღვლენილი წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ტაძარში ავტოკეფალიის ოქმიც გამოიფინა, რომლის ნახვაც ნებისმიერ მომლოცველს შეეძლო.
"ეს არის სიგელი, რომელიც განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული საქართველოში. ეს სიგელი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან არის ავტოკეფალური და რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ცნო საქართველოს ავტოკეფალია. სიტყვა ავტოკეფალია ბერძნულია და ის ორი სიტყვისგან "ავტოს" და "კეფალი" შედგება, რაც ნიშნავს "თვით თავს", ანუ ეკლესიას, რომელიც არ ემორჩილება სხვა პატრიარქს", - ბრძანა პატრიარქმა და აქვე განმარტა, რომ ავტოკეფალია იყო უდიდესი მონაპოვარი საქართველოსი, რის საფუძველზე აშენდა ჩვენი ტაძრები და მონასტრები, დაიწერა მრავალი წიგნი და სწორედ ავტოკეფალიამ შეუწყო ხელი საქართველოს განვითარებას.
"ასეთი დღესასწაულია დღეს. ჩვენ განსაკურებით ვინახავთ ამ დოკუმენტს", - განმარტა უწმინდესმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებისა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს.
ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლოვაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმაართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.
842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმებრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველი წლის დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.
დიდმარხვა 15 თებერვლას დაიწყო და 4 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება.