ქართული მხარე რიჩარდ ჰოლბრუკის საქართველოში ვიზიტს "ჩვენი ქვეყნისადმი შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხარადაჭერის დადასტურებად" აფასებს.
"საქართველოს ასეულები ავღანეთის და ნატოს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ოპერაციაში მონაწილეობენ, რაც ჩვენი მოკავშირეების მიერ მაღალ შეფასებას იმსახურებს. ბუნებრივია, ამ კონტექსტში რიჩარდ ჰოლბრუკის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერს", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქავთარაძე.
მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები ასევე მზადაა საქართველოს ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში დაეხმაროს, რომელიც ახლა მის წინაშე დგას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ის ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს, რომლებიც წვრთნებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად გადიან.
ასევე, დაგეგმილია რიჩარდ ჰოლბრუკის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და მთავრობის წევრებთან.
შეხვედრებზე უსაფრთხოების საკითხები და ნატოსთვის პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება იქნება განხილული, რომელიც ავღანეთში სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის დერეფნად საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას გულისხმობს.