მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის'' ორგანიზებით, ბათუმში დღეს ,,TV25"-ის მხარდასაჭერი ფართომასშტაბიანი საპროტესტო მიტინგი გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით, მოძრაობის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ბათუმში გაემგზავრა. აქციას შეუერთდებიან სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
მიტინგზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადოება მოითხოვს, შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა ,,TV25"-ზე; დადგინდეს დავალიანების ზუსტი თანხა; შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთობლივად შეიმუშავოს გრაფიკი ამ დავალიანების დასაფარად ისე, რომ არც ერთი წამით არ შეწყდეს არხის მაუწყებლობა.
მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის" დღევანდელ მიტინგე 3000 ადამიანის შეკრებას გეგმავს. აქციის გამართვასთან დაკავშირებით მოძრაობამ შესაბამისი განაცხადი ბათუმის მერიაში 16 ოქტომბერს შეიტანა. იმავე დღესვე პარტიამ ბათუმში ,,TV25"-ის მხარდასაჭერი მსვლელობა მოაწყო. მსვლელობაში მონაწილეობდნენ პარტიის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, ოპოზიციური პარტიების ბათუმის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენელები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას, რომელიც აჭარის ტერიტორიზე მაუწყებლობს, ასლან აბაშიძის დროინდელი საგადასახადო დავალიანების, კერძოდ, 350 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ტელევიზიის ქონებას აუქციონზე გაყიდვა ემუქრება.