ვანკუვერში 12 თებერვალს გარდაცვლილი ნოდარ ქუმარიტაშვილი დღეს დაბა ბაკურიანში დაკრძალეს. 21 წლის ქართველი მოციგავე საცდელი დაშვების დროს დაიღუპა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადის მსვლელობისას გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სპორტსმენის დაკრძალვას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან ერთად. დაკრძალვაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლებს წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარე, სპორტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მწუხარება მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით კი არც ერთი ქვეყნის უწყება არ დარჩენილა, რომელსაც არ გამოეგზავნა სამძიმრის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დაბა ბაკურიანში დღეს ასევე იმყოფებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.