რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ 2008 წელის აგვისტოში ქალაქ გორში ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანსის დაღუპვასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას გაარკვევს.
"მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამას და გამოვიძიებთ", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რიუტესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
ჰოლანდიელი ტელეოპერატორი სტორიმანსი 2008 წლის 12 აგვისტოს, გორში დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ მაშინ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად სტორიმანსი რუსული ვერტფრენიდან ნასროლ კასეტურ ბომბს ემსხვერპლა. ოპერატორი მოკლა ხუთმილიმეტრიანმა ბურთულამ, რომელიც კასეტურ ნაღღმში იყო ჩადებული. ეს საგამოძიებო ჯგუფის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულებით შეიქმნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ნესტერენკომ განაცხადა, რომ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება თუ ვისმა კუთვნილმა საბრძოლო მასალამ შეიწირა ჟურნალისტის სიცოცხლე არ შეიძლება. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი განაცხადა, რომ ეს ტრაგედია ქართული მხარის ბრალეულობის გამო მოხდა. რუსული მხარე ასევე უარყოფდა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ოკუპაციის დროს კასეტური ბომბების გამოყენებას.