ხვალ, 20 თებერვალს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ სკოლაში "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაციის "ახალგაზრდული ფორუმისა" და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ერთობლივი პროექტის _ "პოლიტიკური თამაშების" პრეზენტაცია გაიმართება. ერთმანეთს შეხვდება "ახალგაზრდული ფორუმის" წევრებისგან დაკომპლექტებული ორი გუნდი - პ/გ "ოზონი" და პ/გ "საქართველოს თაობა", რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ხედვას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ თემაზე გუნდებს შორის გაიმართება დებატები, რომლის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა, გამოავლინოს გამარჯვებული. გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, თუ იგი მიიღებს ხმათა "50+1" რაოდენობას. არჩევნების დასრულების შემდეგ ექსპერტები _ იაგო კაჭკაჭიშვილი, თამარ ჩიქოვანი, კოტე კანდელაკი, ოთარ კონჯარია და რამაზ საყვარელიძე _ გუნდებს შეაფასებენ შემდეგი კრიტერიუმებით: პრეზენტაცია, გადმოცემის ფორმა და მეტყველების კულტურა. პოლიტიკური თამაშების წამყვანი იქნება ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი.
თამაშს დაესწრებიან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეა ქერბსი, "ეროვნული ფორუმის" ლიდერები და ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარტიის ინფორმაციით, მომავალში დაგეგმილია პროექტის გაფართოვება და მასში სხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების, სტუდენტური მოძრაობებისა და არასამთავრობოების ჩართვა.
აღნიშნული პროექტი დაეხმარება ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, გამოიმუშავონ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა ამა თუ იმ საკითხისა და პროექტის პრეზენტაცია, დებატები, საკუთარი პოზიციებისა და არგუმენტების დაცვა და ა.შ..
მსგავსი თამაშები აპრობირებულია დასავლეთის მრავალ განვითარებულ ქვეყანაში და მასში გამოცდილი პოლიტიკოსები მონაწილეობენ.