"კონსერვატიულმა პარტიამ" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
"კონსერვატორები" მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს პრაიმერში დევნილების ჩართულობას.
აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციას რეზო კემულარია უხელმძღვანელებს.
"ბატონი რეზო არის აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. ის გახდა აფხაზეთის რესპუბლიკის მრგვალი მაგიდის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ, მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნა მოხდა, დევნილების მიმართ ხელისუფლებების და პარტიების დამოკიდებულება შემოიფარგლებოდა მხოლოდ წინასაარჩევნოდ მათი პრობლემების დაინტერესებით. ვფიქრობთ, დევნილებს უნდა ჰქონდეთ ძალიან ხმამაღალი სიტყვა ოპოზიციური ერთიანობის საქმეში", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე განმარტებით, რეგიონული ორგანიზაცია შექმნის ფილიალებს თბილისის ყველა რაიონში.
"ეს არის ჩვენი გეგმა და ამით პრაიმერის პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გავაძლიერებთ", - განმარტა მან.