ყაზახეთში თავისი ვიზიტის შესახებ კომენტარი მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ბათუმში ყოფნის დროს გააკეთა.
მისი თქმით, ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა ორ მნიშვნელოვან საკითხზე: პირველი, რომ დაცული უნდა იყოს საქართველოში უკვე დაბანდებული ყაზახური ინვესტიციები და მეორე, სამომავლოდ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ყაზახური ინვესტიცია უნდა შემოვიდეს.
"ასტანაში ყოფნის დროს საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს და ყაზახეთის მომავალ ურთიერთობებს", - აცხადებს ნოღაიდელი.
მისი თქმით ახლო მომავალში იგეგმება პარტიული შეთანხმების გაფორმება ყაზახეთის მმართველ პარტია "ნურ ოტანთან".
"ნურ ოტანი" საერთონაციონალური პარტიაა, დღეს პარტიის რიგებში თითქმის 700 ათასი ყაზახია გაერთიანებული და მისი ლიდერია ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი.