საგარეო საქმეთა სამინისტრო გრიგოლ ვაშაძესა და ლიტვის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს აუდრონიუს აჟუბალისს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალებს აქვეყნებს. განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და ლიტვის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს აუდრონიუს აჟუბალისს შორის. გრიგოლ ვაშაძემ მიულოცა მის ლიტველ კოლეგას პოსტზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ლიტვა გააგრძელებს საქართველოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ქვეყნებს შორის აქამდე არსებობდა. აუდრონიუს აჟუბალისის თქმით, ლიტვა ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აქტიური მხარდამჭერი.