საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოებმა სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს. პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა ალექსანდერ შჩიგლომ დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლონეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს იმ საფრთეების აღკვეთაში, რომელიც მის წინაშე არსებობს.
"პოლონეთი ყოველთვის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია, არაერთხელ დავაფიქსირეთ ყველაზე დრამატულ სიტუაციებში. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესები გვაქვს, ეს არის საერთო პროექტები, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეროვნული უსაფრთხოების სფეროები.
მზად ვართ ვაწარმოოთ მკაცრი მონიტორინგი იმ საფრთხეებთან დაკავშირებით რომელიც არსებობს და რომელიც აუცილებლად უნდა აღიკვეთოს რათა საქართველოში და მთელს კავკასიაში ისეთივე უსაფრთხოება იყოს როგორც ცენტრალურ ევროპაში", _ განაცხადა პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა ალექსანდერ შჩიგლომ.