პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნაძალადევის რაიონში კენჭს თამარ კორძაია იყრის. ის ჟურნალიტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორია. აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.
"ნაძალადევის რაიონში 1 ოქტომბერს თეა წულუკიანი აირჩია. მინდა გითხრათ, რომ თამარი არის ისეთი, როგორიც თეა და ისეთივე სამართლიანი. თეას შემდეგ რაც მოსწონს საზოგადოებას, დაახლოებით ისეთია თამარი", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კიკნაველიძე იქნება.
პრემიერის განცხადებით, კიკნაველიძეს იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით აქვს დამთავრებული.
"მე ვფიქრობ, ბაღდათებელსაც ძალიან ღირსეული სვლა დავუბრუნეთ არჩილ კბილაშვილის შემდგომ. იცით, რომ კბილაშვილი დღეს ძალიან ღირსეულ როლს ასრულებს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შემდეგი კანდიდატი გიორგი კახიანი იქნება, რომელიც სამტრედიაში იყრის კენჭს.
"ისიც იურისტია. დავით უსუფაშვილი ძალიან განიცდის, რომ პარლამენტში გვჭირდება კვალიფიციური კადრი. კანონწამოება არ არის იოლი საქმე და მას პროფესიონალები სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი თვალსაჩინო და პატივსაცემი პიროვნება შევიყვანეთ პარლამენტში და ძალიან ბევრი მათგანი, ვერ არიან ისეთი ეფექტურები პარლამენტში როგორიც არის საჭირო კანონწარმოებისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, ზუსტად ისეთი კანდიდატები წარმადგინეს, როგორც სჭირდება პარლამენტს.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ზემოაღნიშნულ ოლქებში კოალიცია „ქართული ოცნების" სიით გამარჯვებულ დეპუტატებს - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო შეუწყდათ. ამის გამო, სამივე ოლქში ხელახალი შუალედური არჩევნები 27 აპრილს ჩატარდება.