პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ გაუპატიურების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ ახლა განსაკუთრებული თავდასხმა დაიწყო მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებასა და სისტემაზე.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი ტელევიზიები არაერთ სიცრუეს ტირაჟირებენ. მათ შორის, ახლა განსაკუთრებული თავდასხმა დაიწყეს მთლიანად პენიტენციურ დაწესებულებასა და სისტემაზე. რატომ? რადგან თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნათქვამი, რომ წამების სისტემური და სისტემატური რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული რაც განსაკუთრებით პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდებოდა, ახლა თითქოს მსგავსი რამ ხდება შესაბამის დაწესებულებაში, რაც აბსოლუტური ტყუილია. ამ კონტექსტში საუბრობს „საია“, ამ კონტექსტში ავრცელებს ტყუილსა და დეზინფორმაციას ერთ-ერთი მსჯავრდებული პირი, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკოსი აჰყვა. საბოლოო ჯამში, სურთ დახატონ სურათი, თითქოს პენიტენციურ სისტემაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დროინდელი ვითარება დაბრუნდა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რაც დადასტურდა როგორც პენიტენციური სამსახურის დღევანდელი განცხადებით, ისე გავრცელებული ვიდეოებითაც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.