"რუსეთი არ იხსნის ბირთვული სახელმწიფოს სტატუსს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ იარაღს ფლობენ", _ ამის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატუშევმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად უნდა იყოს მისი გამოყენებისათვის.
"თუ არის მასობრივი განადგურების იარაღი, უნდა იყოს მისი გამოყენების მზადყოფნაც", _ განაცხადა პატრუშევმა.
ამასთან, უშუშროების საბჭოს მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სამხედრო დოქტრინა პრეზიდენტისთვის წლის ბოლომდე იქნება წარდგენილი.
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში და ქვეყანაში სიტუაცია დინამიურად ვითარდება და თუ ჩვენ 1993 წელს ვამბობდით, რომ გამოვრიცხავთ სამხედრო კონფლიქტებს, ახლა უნდა გავიაზროთ, რომ სრულმაშტაბიანი კონფლიქტებიც კი გამორიცხული არ არის", - განაცხადა მან და დასძინა "ჩვენ წინააღმდეგნი ვართ იმის, რომ იყოს რაიმე სახის სამხედრო კონფლიქტები, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებს და ვალდებულებს ჩვენი ხალხის წინაშე ვუზრუნველყოთ მათი დაცვა და მათი უსაფრთხოება".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა განაცხადა, რომ მის ახალ სამხედრო დოქტრინაში ასახული იქნება ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხიც, კერძოდ, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, როგორც მსხვილმასშტაბიანი, ისე რეგიონალური კონფლიქტებისას.
"სამხედრო დოქტრინაში შევა იმ დებულების ცვლილება, რომელიც შესაძლებელს გახდის პრევენტიული ბირთვული დარტყმების მიყენებას", - განაცხადა პატრუშევმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინა გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას თავდასხმის პრევენტიული ან სხვა სახის სამხედრო მოქმედებებისას, როგორც მსხვილმასშტაბიან, ისე რეგიონალურ ჭრილში.