საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოებმა სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმეს. ეს ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. საუბარია ინფორმაციის გაცვლასა და საგარეო საფრთხეების წინა ერთობლივ ბრძოლაზე.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიალი სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა. მას ქართული მხრიდან ხელი მოსწერა უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა და პოლონეთის მხრიდან კი პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა ალექსანდერ შჩიგლომ.
დოკუმენტს 2010-2011 წლებში პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შორის თანამშრომლობის გეგმა ეწოდება. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსა და პოლონეთის მთავრობებს შორის პირველად ფორმდება. დოკუმენტში არის გაწერილი უსაფრთხოების, ენერგო უსაფრთხორების, საერთაშორისო ტერორიზმი, ასევე თანამშრომლობის გაგრძელება, ორმხრივი ვიზიტები, ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება.
შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ტყეშელაშვილი და შჩიგლო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.