თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყოფილ თანაგუნდელებს ზეწოლაში ადანაშაულებენ.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან საკრებულო უმრავლესობის წევრებზე ზეწოლის ფაქტებმა განსაკუთრებული ხასიათი მიიღო.
მისი თქმით, ისინი უმრავლესობის წევრებს ყოველდღიურად მოუწოდებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დატოვონ.
"განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, რაც ძალიან სამწუხაროა. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მან გამოთქვა სურვილი შეხვდეს თბილისის საკრებულოს წევრებს. დიდი იმედით ველოდები ამ შეხვედრას, რომელზეც ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა სამადაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატის დავით წერეთელის თქმით, მარტის მეორე ნახევრიდან მასზე, სხვადასხვა კუთხით ზეწოლა ხორციელდება.
"არის მოწოდება იმისი, რომ მე დავტოვო ფრაქცია, გავიდე ფრაქციიდან. ეს მიმდინარეობს როგორც ჩემს ახლობლებზე და მათზე ზემოქმედება, რომ მოვიდნენ ჩემთან და მომიწოდონ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლ", - განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, ისმის შეპირება იმის შესახებაც, რომ ის იმ თანამდებობაზე დარჩება, რაზეც დღესდღეობით იმყოფება.