ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის ექს-პრემიერმინისტრი აჰმედ ზაკაევი "ბი-ბი-სი" სათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ბორის ბერეზოვსკის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. ზაკაევი ასევე უარყოფს იმას, რომ ბერეზოვსკიმ ვლადიმერ პუტინს თხოვნის წერილი გაუგზავნა.
"არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ასეთი წერილი შესაძლოა არც ყოფილიყო. ასეთი წერილი მართლაც რომ ყოფილიყო მას ყველა მედიასაშუალება გამოაქვეყნებდა მალევე მას შემდეგ რაც ეს წერილი გაიგზავნებოდა. ბორისი ბოლომდე ერთგული იყო იმ ფასეულობებისა, რომლებისთვისაც იბრძოდა და მას ამ ფასეულობებისათვის არ უღალატია.
იგი პუტინს დიქტატორად მიიჩნევდა, ადამიანად, რომელმაც გააუქმა ყველა თავისუფლება და ძირშივე ჩაახშო ყველა ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც რუსეთში მრავალწილად სწორედ ბერეზოვსკის წყალობით გაჩნდა", _ აცხადებს ზაკაევი და აღნიშნავს, რომ ბერეზოვსკი მხოლოდ ბიზნესმენი არ ყოფილა - იგი პოლიტიკოსი იყო და პუტინსა და ბერეზოვსკის შორის სხვაობა იმაშია, რომ ბორისს თავისი შეცდომების აღიარება შეეძლო. ბერეზოვსკიმ თავის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად აღიარა ის, რომ მან ხელი შეუწყო პუტინის ხელისუფლებაში მოსვლას.
"მე არ ვარ ბერეზოვსკის არც კასირი და არც ბუჰღალტერი, მაგრამ მე არ მჯერა, რომ მისი საქმეები იმდენად ცუდად იყო, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე", _ ამბობს ზაკაევი და ლიტვინენკოსაც იხსენებს და აცხადებს, რომ არც მასზე მომხდარა არავითარი შეიარაღებული თავდასხმა.
"მას უბრალოდ ფინჯანი ჩაი დაალევინეს. მიუხედავად თავის პროფესიონალური წარსულისა ლიტვინენკო ბერეზოვსკისგან განსხვავებით უკიდურესად მიმნდობი ადამიანი იყო. მას უყვარდა თავისი მეგობრები და უყვარდა სიცოცხლე...
ყველანი ღმერთის შვილები ვართ, მე ვიცხოვრებ იმდენს, რამდენსაც უფალი გამომიყოფს და ვიცხოვრებ ისე, რომ არ ვუღალატო ჩემს მეგობრებს, ჩემს იმ მეგობრებს რომლებიც ჩეჩნეთში და აქ გარდაიცვალნენ და არ ვუღალატო საკუთარ თავს.
ასე რომ მე ვფიქრობ, რომ იმ წერილს, რომელზეც პესკოვი საუბრობდა, იმ თხოვნის წერილს ვერ ეღირსნენ ბერეზოვსკისგან და ასევე ვერ ეღირსებიან ჩემგან", _ აცხადებს აჰმედ ზაკაევი.