დღეს, 19 თებერვალს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი 80-მდე საკითხს განიხილავს, მათ შორის მოისმენს ინფორმაციას დიაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტის აპარატის 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.
ამასთან, დღის წესრიგი მოიცავს საკითხებს ეკონომიკური განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და შინაგან საქმეთა უწყების აკადემიისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ.
გარდა ამისა, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა კოლეგებს წარუდგენს მთავრობის განკარგულების პროექტს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების და მიმდებარე ტერიტორიების მენეჯმენტის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია დევნილებთან დაკავშირებული საკითხიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებულ და ადგილნაცვალ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებას გულისხმობს. საკითხის მომხსენებელი სხდომაზე ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება.
მთავრობის კანცელარიაში სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.