ჩინეთის პირველი ლედი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. სახალხო რესპუბლიკის წინა მმართველების მეორე ნახევრები იშვიათად ეჩვენებოდნენ პუბლიკას. პენ ლიუანმა კი ეს სტერეოტიპი დაამსხვრია.
ჩინური და მსოფლიო მედიის ყურადღება სი ცზიანპინის მეუღლემ 22 მარტს მიიპყრო, როცა რუსეთში ვიზიტისას ის, თავის მეუღლესთან ერთად, თვითმფრინავის ტრაპზე, „ვნუკოვოს" აეროპორტში ჩამოდიოდა. „ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჩინურმა გაზეთებმა ჩვეულებას უღალატეს და პუტინის და ცზიანპინის ფოტოების გვერდით მათი ლიდერის მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნეს.
თუმცა, პენ ლიუანი ჩინელებისთვის არც ისე უცხოა. მას ქვეყანაში კარგად იცნობენ, როგორც მომღერალს. „სი-ენ-ენის" ცნობით, ჩინურ ტელევიზიაში ის ჯერ კიდევ 1983 წელს გამოდიოდა და პატრიოტულ სიმღერებს ასრულებდა. 18 წლის ასაკში ის არმიაში წავიდა და გენერალ-მაიორის წოდებამდეც მიაღწია. ამ დროისათვის, ჩინეთის პირველი ლედი ხელოვნების აკადემიაში დეკანის თანამდებობაზე მუშაობს.
მას შემდეგ, რაც სი ცზიანპინი ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელი გახდა, პენ ლიუანმა ტელევიზიით გამოსვლა შეწყვიტა და პუბლიკის წინაშეც იშვიათად ჩნდებოდა. ამიტომაც მისმა ხელახალმა გამოჩენამ ჩინეთში დიდი ფურორი გამოიწვია. ინტერნეტის მომხმარებლები პირველი ლედის მისამართით ქათინაურებს არ იშურებენ და აღფრთოვანებას გამოხატავენ. ერთ-ერთი ჩინელი ინტერნეტის მომხმარებელი იმასაც კი წერს, რომ შესაძლოა, პირველმა ლედიმ ამის მერე უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს საზოგადოებაში, ვიდრე მისმა მეუღლემ, ხოლო მედიამ ის უკვე შეადარა მიშელ ობამას.
მასალის გამოყენების პირობები