საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე თანახმაა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, რიგგარეშე სხდომა 25 მარტის 14:00 საათიდან გაიმართება.
„საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2013 წლის 25 მარტის 14 საათიდან თანდართული დღის წესრიგით", - აღნიშნულია განკარგულებაში, რომელშიც დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხებიცაა ჩამოთვლილი.
დღის წერიგში 49 საკითხია შეტანილი. მათ შორისაა საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტი „კონსტიტუციაში ცვლილებების შტანის შესახებ".
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მიმართა.
მთავარი საკითხები, რის გამოც უმრავლესობას ორშაბათისთვის რიგგარეშე სხდომის ჩატარება სურს, საკონსტიტუციო ცვლილებების და „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტია.
ამასთან, დღის წესრიგში ჩამოთვლილ საკითხთა შორის „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი არ არის, რადგან პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი საერთო „სასამართლოების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების არსებულ რედაქციას არ ეთანხმება.