საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პოზიციით "გაჭირვებული" სამიანი მიიღო.
როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს შეეძლო კაცურად გამოსულიყო და ეს ყველაფერი ისე გაეკეთებინა.
მისი შეფასებით, მსგავსი ნაბიკით ისიც მოახერხებდა საზოგადოებასთან ისევ დაახლოებას.
"შედეგად გაუგებარი გამოსვლა გააკეთა - აგრესიული. ვიღაცეებს ემუქრება, რაღაცას იმუქრება. რაცაა საწყენი და რამაც დატობა ცუდი ფონი ისაა, რომ შეიძლებოდა ამით მომხდარიყო დაახლოება "ნაციონალურ მოძრაობას", მის ლიდერსა და საზოგადოებას შორის, რისი მცდელობაც მე გამაჩნია", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ნაბიჯი გადაიდგა, ცვლილებას მხარი ყველამ დაუჭირა და კარგი საკონსტიტუციო ცვლილება გატარდა.
"შედეგი შეეძლოთ ფრიადი მიეღოთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მათ ლიდერთან ერთად, მაგრამ გაჭირვებული სამიანი თუ მიიღეს ალბათ, ან თუ მიიღეს პოზიტივი ისიც საკითხავია. ჩვენც და საზოგადოებამაც მივიღეთ ის შედეგი, რასაც ველოდით. იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო ცვლილება არ გავიდოდა, საზოგადოებას არაფერი არ ემუქრებოდა, არც ჩვენ, გარდა ზედმეტი ემოციური დატვირთვისა", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, პატარა ხიფათი არსებობდა, რომ "ნაცმოძრაობა" შეიძლებოდა გადაჩეხილიყო. ამიტომ, მან ეს პატარა ნიუანსიც არ დაუშვა.
"მე ეს პატარა ნიუანსიც არ დავუშვი. ვურჩიე უსუფაშვილს და მან ეს გაითვალისწინა. თუ ვთქვათ უფსკრულისკენ გადაწყვეტდნენ ჩვენ დავუფინეთ, პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ, თუმცაღა კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი სითბო და მეტი მხარდაჭერა მიეცათ საზოგადოებისთვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აი ყველაფერს, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში "ნაცმოძრაობის" წევრებმა გააკეთეს, პოლიტიკური სიბეცე შეიძლება ეწოდოს.
"ხმები მისცეს, მაგრამ საზოგადოებას აბსოლუტურად ვერ ასიამოვნეს. გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო, მაგრამ ულამაზოდ, უმადურად გააკეთეს. ხმები მისცეს, მადლი ვერ აიღეს. ამ დროს რაც ჰქონდათ გასაცემი ამ საცოდავებმა გასცეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ გაცემა გასცეს, მაგრამ ვერ მიიღეს მადლი ვერაფერი", - განმარტა პრემიერმა.
საკონსტიტუციო ინიციატივა პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე გუშინ, პირველი მოსმენით გავიდა - 135 ხმა არც ერთის წინააღმდეგ.
კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარემ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღო. გამოკითხვაში საკონსტიტუციო ინიციატივას 93 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.