კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ანკარაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.
კარნის თქმით, კანადა უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებს საშუალოვადიან დახმარებას, რომლის მოცულობა 900 მილიონ კანადურ დოლარს შეადგენს. მისი განმარტებით, „საშუალოვადიან პერსპექტივაში“ იგულისხმება მომდევნო რამდენიმე თვე. აღნიშნული თანხა დაახლოებით 633 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებს, საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას და სხვა სამხედრო დახმარებას.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კანადისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების კიდევ ერთი პაკეტი უკვე მიიღო.
მარკ კარნიმ ასევე აღნიშნა, რომ კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ენერგეტიკული საჭიროებების უზრუნველყოფისა და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და გაძლიერების მიმართულებით.
„რუსეთზე ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება. უკრაინა გაიმარჯვებს. წინ ბევრი პოზიტიური სამუშაო გველოდება“, - განაცხადა მან.