აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების სერია დაიწყო. უწყების ცნობით, ოპერაცია პასუხია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა პასუხი აგებინონ მას კომერციული გემების დაბომბვისა და თავდასხმებისთვის, რომელთა ეკიპაჟებიც უდანაშაულო სამოქალაქო პირებისგან შედგებოდა.
დარტყმები განხორციელდა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გამავალ სამ სავაჭრო გემზე თავდასხმების საპასუხოდ. ირანის აგრესია არანაირი პროვოკაციით არ ყოფილა გამოწვეული, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აშკარა დარღვევა იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
Axios-ის შეფასებით, დარტყმების ამ გაცვლამ შესაძლოა აშშ და ირანი ესკალაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და საფრთხე შეუქმნას ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მხარეებმა სამ კვირაზე ნაკლები ხნის წინ გააფორმეს.
ამასთან, ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ დარტყმების სამიზნეებს შორის იყო ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო სადამკვირვებლო სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების პოზიციები, უპილოტო აპარატების გაშვების მოედნები და საპორტო ინფრასტრუქტურა.