ქრისტიან-დემოკრატები ქვეყანაში რეალური ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ იმას, რომ სამსახურს სტრუქტურულად მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეს და არ იყოს ანგარიშვალდებული მთავრობის წინაშე. ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატებმა დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრისას განაცხადეს.
შეხვედრა ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნით გაიმართა. მას მთავრობის მხრიდან მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, ეკონომიკის სამინისტროის საქვეუწყებო დაწესებულების "თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის" სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რეალურად არსებობს მონოპოლიები, რომლებსაც მფარველობას სწორედ აღმასრულებელი ხელიუსუფლებიდან უწევენ. როგორც გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ყველანაირი პროდუქტის შემოტანაზე არსებობს მონოპოლიები. ამ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, ქრისტიან-დემოკრატები მოითხოვენ, მთავრობამ რეალური ქმედებები განახორციელოს რეფორმის გასატარებლად.
როგორც თარგამაძემ განაცხადა, საჭიროა, სტრუქტურა იყოს დამოუკიდებელი. ამასთან, იგი ანგარიშვალდებული იყოს პარლამენტის წინაშე და არა მთავრობის წინაშე, მის ხელმძღვანელს მიენიჭოს სტატუსი და დაცვის ისეთი სეგმენტები, რაც ამ ორგანოსადმი საზოგადოების ნდობას გაზრდის.
მთავრობა მათ პოზიციას ბოლომდე არ იზიარებს და აცხადებს, რომ რეფორმა რეალურად ახლა იწყება და პირველი ეტაპისთვის შეტანილი ცვლილებები შედეგის მისაღებად საკმარისი იქნება. მთავრობის ინიციატივით კი აღნიშნულ სტრუქტურასთან დაკავშირებით ხორციელდება მხოლოდ ის ცვლილება, რომ სტრუქტურა აღარ იქნება ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, იგი გახდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში და მის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით დანიშნავს პრემიერ-მინისტრი.
რაც შეეხება ფუნქციებს, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის განმარტებით, უწყების ფუნქციების ცვლილებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც დასრულდება კონსულტაციები ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან.