პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნას გამართლებულად არ მიიჩნევს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობამ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და ცვლილებებს მხარი ან უნდა დაუჭიროს, ან არა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უკვე სამი თვეა მიმდინარეობს, შესაბამისად, ალტერნატიული კენჭისყრის მოთხოვნა უმცირესობის მხრიდან ვაჭრობაა.
"აი, რამდენი ხმა გჭირდებათ იმდენს მოგცემთ. ჩვენ კი არ გვჭირდება ხმები, მათ უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია საკუთარი ამომრჩევლის და ხალხის წინაშე. ამიტომ, ეს არის სწორედ ვაჭრობა მათი მხრიდან წამოსული და არასწორად მიმაჩნია საკითხის ასე დაყენება. ამიტომ, თუ უჭერენ მხარს უნდა დაუჭირონ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ალტერნატიული კენჭისყრის მოთხოვნა პროცედურულად გაუმართლებელია.
კობახიძის განცხადებით, მას არ ჰგონია, რომ აღნიშნული საკითხი გავიდეს.
"ასევე არასწორია ის, რაც მათ შემოგვთავაზეს. ალტერნატიული რაიმე გამოსავალი არ არის - ან უნდა დაუჭირონ მხარი და ან არ უნდა დაუჭირონ. უნდათ კოლექტიურად დაუჭირონ, გნებავთ იმას დაუჭირონ, აქამდე თუ ხელის გადაგრეხვაზე საუბრობდნენ, რომ თურმე ვიღაცას ფული გადავუხადეთ, თურმე ვიღაცას ვევაჭრებით და თურმე არ იყიდებიან, აი ეს არის ძალიან დიდი ცილისწამება", - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ არავინ არავის ევაჭრება, ეს კი ის მეთოდებია, რა მეთოდებითაც უმცირესობა იმუშავებდა ან მუშაობდა.
მისივე თქმით, საკითხი მათი მხრიდან არასწორადაა დაყენებული, რადგან 5-6 ხმა საპარლამენტო უმრავლესობას კი არა, კანონს და ქვეყანას სჭირდება.
ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნა უმცირესობის მხრიდან მოგონილია, რადგან საკითხს არასწორად აყენებენ.
"ან მისცენ ამ კანონს ხმა, ან არ მისცენ. ჩვენ არ გვჭირდება, ქვეყანას სჭირდება, ეს "ოცნებას" არ სჭირდება. ეს არის არასწორად დაყენება საკითხის. თუ არ დაუჭერენ მხარს ნუ დაუჭერენ და საზოგადოებაც დაინახავს ვინ არიან. ჩვენ არ ვევაჭრებით, ესენი ვაჭრობენ", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, უმცირესობა გამოსავალს ეძებს, რომ როგორმე ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს.
საქართველსო პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.
საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცვლილებებს "ნაციონალური მოძრაობის" იმდენი წევრის მხარდაჭერა ექნება, რამდენიც კოალიცია "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციური უმრავლესობისთვის დასჭირდება.
საჭირო ხმების დასადგენად კი, "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას ე.წ სარეიტინგო კენჭისყრას სთავაზობს.