გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ“.
„გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.