ოფიციალური თბილისი რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არალეგიტიმურად ცნობას ნატოს გარდა "ყველა დედაქალაქისგან" ელოდება.
"იმ უსუსური მცდელობის გამო, რომ რუსეთმა და აფხაზეთმა გუდაუთაში გაერთიანებული სამხედრო ბაზა უნდა გახსნან, რომელიც იქ 90-იანი წლებიდან ისედაც ფუნქციონირებს და ერთი წუთით არ შეუწყეტია არსებობა, , ყველა ჩვენი უცხოელი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა შეშფოთებულია. ამასთან დაკავშირებით ნატომ უკვე გაავრცელა განცხადება და მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი არალეგიტიმურად შეაფასა, თუმცა მას მსგავსი ტიპის განცხადებები ყველა დედაქალაქის მხრიდან მოჰყვება", - განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
მისივე შეფასებით, გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმება "ავანტიურისტული ნაბიჯია", რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და წესდებას საფუძველს უთხრის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შესახებ ხელშეკრულება გუშინ, სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე გრიგოლ ვაშაძემ დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმსჯელა.